понедельник, 13 мая 2019 г.

წერილი მოსწავლეს

გამარჯობა!
ვერ წარმოიდგენ,როგორი მნიშვნელოვანია თქვენი ნდობის მოპოვება.
როგორი აუცილებელია,რომ ჩვენ მეგობრები ვიყოთ,თანამოაზრეები.
ალბათ,არ გჯერა,რომ მასწავლებლისთვის მოსწავლე შვილია...ასე რომ არ იყოს,ვერაფერს გასწავლიდა,ვერ გიქომაგებდა,ვერ დაგიყვავებდა...
ვერც შენიშვნებს მოგცემდა,რომ არ უყვარდე.
რომ არ უყვარდე,ვერ დაგაჯერებდა იმაში,რასაც გასწავლის...
ერთხელ გეწყინა,მგონი,არ უნდა დამეტუქსე...ცალკე უნდა ამეხსნა,რომ უპასუხისმგებლობა ჩვევაში გადადის და ცხოვრება კი ვალდებულებებს გაკისრებს...მისიის შეუსრულებლობა კი უპერსპექტივობას იწვევს...
თავმოყვარესა და ამაყს გეწყინა,რომ კლასის წინაშე შენიშვნა მოგეცი...
ისე,იმ დღეს შეიცვალე,მერე აღარ მოსულხარ მოუმზადებელი...
თუმცა...ხო,მაინც გეტყობა,რომ ნაწყენი ხარ...ალბათ მშობელს რომ ეთქვა იგივე,აღარ გეწყინებოდა,ან გაბრაზება მალევე გადაგივლიდა...
არადა,მასწავლებელსაც შეიძლება უყვარდე...შვილივით უყვარდე...
ურთიერთობა თანასწორობით უნდა დაიწყოს...ბავშვიც პიროვნებაა,ზოგჯერ იმაზე საინტერესოც,ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ყოველთვის ვხედავ შენში პერსონას და არა პატარა ბავშვს,რადგან,ხშირად,იმდენად აღმაფრთოვანებელი აზრები გაქვს,რომ ხელებს მაღლა ვწევ და ვაღიარებ შენი თაობის თვითმყოფად ბუნებას...
ზუსტად იცით,რა გინდათ!..
ამასწინათ მითხარი,მე მეომარი გამოვალ,ქვეყანას მეომრები ენატრებაო...
შემრცხვა,მე არასდროს მიფიქრია ამაზე...ან მიფიქრია და მეტი არაფერი...
შენ კი მზერაში გეტყობა,რომ ორბი ხარ,ქვეყნის მომავალი დარაჯი...
დახეული ჯინსების,პირსინგის, ტატუს უკან საინტერესო თაობა დგას და იმაზე მეტს გააკეთებთ,ვიდრე მოკრძალებულად ჩაცმულმა თაობამ შევძელით...
ვერ წარმოიდგენ,როგორი მნიშვნელოვანია თქვენი ნდობის მოპოვება...მით უმეტეს,ჩვენ გვჯერა თქვენი...
ნუ ჩაუდგებით ჯიბრში პედაგოგებს!
არასდროს დაგავიწყდეთ,მასწავლებლებს შვილებივით უყვართ საკუთარი მოსწავლეები...
თუ ამას დაიჯერებთ,ყველაფერი გამოვა...

ოთო დანელია
4.05.2019

понедельник, 25 марта 2019 г.

წერილი გალაკტიონს

გამარჯობა!
მთაწმინდის არა, მაგრამ მარტვილის მთვარე მდარაჯობს,როცა ამ წერილს გწერ...
ჩემი მთვარეც წყნარია.
ღამეც ისეთივე ჩუმია, როგორც შენთან
ეს მათამამებს და ამიტომაც გესაუბრები...
იცი რა მინდა?
ლურჯა ცხენებს მინდა მოვახტე და უსასრულობას შევერიო.
იქნებ მერის თვალებში ჩახედვაც შევძლო.
იქნებ დავიჯერო,რომ ჩემი ცხოვრების გზაც სიზმარია და ოცნებების იალქანიც მძიმე ფიქრთა ოკეანეში
აღარ ჩამეძირება.
მეც მინდა დავდგე ქარიშხლის პირისპირ.
გაზაფხულის მწვანე მთებიდან შევხედო სამყაროს.
მერე ცვრიან ბალახზე გავიარო ფეხშიშველმა და ქნარზე დავამღერო საქართველოს სიმღერა -"მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა"...
ზღვის ნაპირზე იმ ერთთან ერთად მივეფიცხო თიბათვის მზეს.
ვილოცო.
გრაალს შევავედრო ჩემი სიყვარული.
მერე კარალეთის ნაცვლად, ის დღები გავიხსენო,რომელიც შენსა და ჩემს საქართველოში გადამხდენია...
მეეტლე მინდა გავიცნო- ჩემი ცხოვრების  მატარებელი.
უნდა გამაქანოს
სივრცეებს უნდა გავცდე.
იქ, სადაც ოცნებების ბაღია.
სადაც გედი  არასოდეს მღერის ბოლოჯერ.
სადაც უსიყვარულოდ არაფერიც არაფერია.
სადაც თოვლი იისფერია და აპრილი- ლურჯი.
სადაც შანდლებში არასოდეს ქრება სანთელი.
სადაც ფიფქები ქალწულებს ჰგვანან.
მერე მართლა დავიჯერებ ,რომ ცხოვრება იმდენად მშვენიერია,უადგილოც იქნება იკითხო, რომელი სააათია...
საქართველოში ახლა ლურჯად ნახავერდებ უდაბნოს ვეღარ შეხვდები.
აღარც სიცივის თარეშია ირგვლივ.
მაგრამ...
უფალმა იცის,ვინ როდის დაიბადოს,
ასეთ საქართველოში,შენ გალაკტიონი არ იქნებოდი.
შენნაირები მხოლოდ ერთხელ მოდიან.
მოდიან და რჩებიან.
რჩებიან,როგორც სიყვარულთან წილნაყარი უკვდავება...
შენ ხარ თავად სიყვარული,მზეც და სილამაზეც.
ღმერთო, როგორი თამამი ვარ...მე შენთან საუბარი გავბედე?!..

ოთო დანელია        
                                                                              31.05.2015

суббота, 23 марта 2019 г.

https://www.facebook.com/100002318216839/posts/1211609335592995?sfns=1
https://www.facebook.com/100002318216839/posts/2150373298383256?sfns=1
უბრალოდ,ვერ გავჩუმდები!..

მესამე წელია მეცხრე კლასს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი.
წიგნი,რომელსაც ვიყენებთ "როდონაიას ქართულით" არის ცნობილი.
მომწონს,ბევრი რამ.
ასევე ბევრი რამ,არ მომწონს.
ერთ-ერთი,რასაც ყველაზე საინტერესოდ განვიხილავთ,ნუგზარ შატაიძის მოთხრობაა.
არასდროს მოქცეულან მოსწავლეები ამ მოთხრობაში ნახსენები ქუჩური ტერმინოლოგიის ტყვეობაში.პირიქით,უფრო მკაფიოდ გაიაზრეს,რა არის ცუდი და რა-კარგი...
ეს ფრაზები მეცხრეკლასელ მოსწავლეებს ბევრად ადრე გააგებინეს ქუჩაში,უბანში,ფილმებში,ბევრგან...
"მოგზაურობა აფრიკაში"არსებული რეალობაა.მძაფრია ემოციაც,განცდაც,აღქმაც...
მერე მოსწავლეები იმაზე ფიქრობენ,როგორ დაასრულონ მოთხრობა.
ყველას ნაწერში,ბიჭი ბედნიერია.
არ ცხოვრობს "მუყაოს სახლში".
არ სტკივა.
არ ეძებს,იპოვნა...
მათეულ ფინალში არსად ისმის ჟარგონული ფრაზები,გინება,სიბილწე...
ესე იგი,მოთხრობამ არ "გააფუჭა" ბავშვები!..
ასეც უნდა ყოფილიყო,კლასიკა არ რყვნის!!!
კარგი რა,მნიშვნელოვანი პრობლემებით დაკავდით!

пятница, 22 марта 2019 г.

წერილი მასწავლებელს

გამარჯობა!
შენ ახლა სათვალეებიანი თვალებით საკონტროლო რვეულებს ასწორებ.
წითელი ხაზებით აკეთილშობილებ აზრებსა და შეცდომებს.
არ გცალია.
არც არასდროს იყავი უქმად და უსაქმოდ.
დღეს-მით უმეტეს...
ახლა იმაზეც გიწევს ფიქრი,რაზეც არ უნდა ფიქრობდე...
ერთხელ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტე.
ოჯახს გაუჭირდა და შენი წითელი კალმით გავლებული ხაზებით ვერ მოახერხე სიდუხჭირეც გაგეკეთილშობილებინა...
გული დაგწყდა.
ვერ წარმოიდგენდი,რომ იმ სამშობლოს დატოვებას გაივლებდი გონებაში,რომელზეც ყოველთვის ემოციით ესაუბრებოდი მოსწავლეებს.
მორჩა.
სამუდამოდ აუკრძალე გონებას უცხოეთში წასვლაზე ეფიქრა...
ერთხელ სკოლა სახლში მოაწყვე.
ღარიბული სადილის შემდეგ,თეთრი,დედის ნაჩუქარი სუფრა,კუბოკრული გადასაფარებლით შეცვალე და ირგვლივ ბავშვები შემოიკრიბე...
ასე გადაურჩა ოჯახი უშენობის წლებს...
მერე გამოცდებისთვის საკუთარი თავის მომზადებაც დაგჭირდა...
ვიღაც არ გენდო.
ისევ დაგწყდა გული.
მთელი ცხოვრება ისედაც აბარებდი გამოცდას ყველასთან და სარკეშიც.
ახალი გამოცდაც ჩააბარე.
გაგეცინა.
იმაში გამოგცადეს,რაც ყველაზე კარგად გამოგდის...
ახლა ისევ ისეა ყველაფერი...
ზიხარ და სათვალეებიანი თვალებით ასწორებ საკონტროლო რვეულებს...
ხვალ ადრე ადგები.
სარკეში ყოვედღიურ გამოცდასაც ჩააბარებ და იმ იმედით შეაღებ სკოლის კარებს,რომ შენში ეჭვი აღარასდროს შეეპარებათ...
ზოგჯერ უშვილო

დილა ფანჯრიდან შემოუხტა და ლოგინზე დავარდა.
რიჟრაჟისფერი დაედო ძველ ტუმბოს.
რვეულებსაც.
წუხელ გვიანობამდე ასწორებდა ორუცნობიან განტოლებებს...
დღეს ცხრაზე იქ უნდა იყოს!
ადგა.
თვალი მოავლო თითქმის ცარიელ კარადას და ის კაბა მოხვდა თვალს,რომელიც სამი წელია მისი განუყრელი მეგობარია...
სკოლის კარებთან დარაჯმა გაუღიმა.
სკოლაში ჯერ არავინ იყო.
აქაც ალიონი იპყრობდა დერეფნებს.
კლასში შესულს გაეღიმა.
ეს ოთახი და საკუთარი სახლი ერთნაირად უყვარდა.
ფეხის ხმამ სიჩუმე ფეხქვეშ გაიგდო.
-მასწავლებელო,გამარჯობა!
-მოხვედი?-ათასმეერთედ იწყებოდა ასე...
მერე ფეხების ხმებმა აჯობეს აქა-იქ შემორჩენილ მყუდროებას და... სამრეკლოსავით ახმიანდა წუთი სკოლაში.
მერხებს შორის სიარული უყვარდა.
დაფაც.
ბედნიერებისგან ბრილიანტები დაეყარა თვალებზე.
ბავშვების სუნი ტრიალებდა ოთახში.
ამიტომ უყვარდა ეს ოთახი.
ეს კაბაც ამიტომ უყვარდა,ბავშვების სუნი გადაჰქონდა კარადამდე და მერე მთელ სახლში აფრქვევდა...
არასდროს გახსენებია მარტოობას...
ოღონდ ეს იყო,ზოგჯერ,უშვილოდ გრძნობდა თავს.
საღამოობით არავინ ისმენდა მის გამოგონილ ზღაპრებს...
ახლა ღამე ცდილობდა ფანჯრების შემომტვრევას.
ტუმბოს უკუნისფერი დაედო.
რვეულებსაც.
ახლახან გაასწორა ერთკითხვიანი ამოცანები...
იწყებოდა "ზოგჯერ უშვილო" საათები...

ოთო დანელია
14.10.2016 წელი