пятница, 22 марта 2019 г.

წერილი მასწავლებელს

გამარჯობა!
შენ ახლა სათვალეებიანი თვალებით საკონტროლო რვეულებს ასწორებ.
წითელი ხაზებით აკეთილშობილებ აზრებსა და შეცდომებს.
არ გცალია.
არც არასდროს იყავი უქმად და უსაქმოდ.
დღეს-მით უმეტეს...
ახლა იმაზეც გიწევს ფიქრი,რაზეც არ უნდა ფიქრობდე...
ერთხელ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტე.
ოჯახს გაუჭირდა და შენი წითელი კალმით გავლებული ხაზებით ვერ მოახერხე სიდუხჭირეც გაგეკეთილშობილებინა...
გული დაგწყდა.
ვერ წარმოიდგენდი,რომ იმ სამშობლოს დატოვებას გაივლებდი გონებაში,რომელზეც ყოველთვის ემოციით ესაუბრებოდი მოსწავლეებს.
მორჩა.
სამუდამოდ აუკრძალე გონებას უცხოეთში წასვლაზე ეფიქრა...
ერთხელ სკოლა სახლში მოაწყვე.
ღარიბული სადილის შემდეგ,თეთრი,დედის ნაჩუქარი სუფრა,კუბოკრული გადასაფარებლით შეცვალე და ირგვლივ ბავშვები შემოიკრიბე...
ასე გადაურჩა ოჯახი უშენობის წლებს...
მერე გამოცდებისთვის საკუთარი თავის მომზადებაც დაგჭირდა...
ვიღაც არ გენდო.
ისევ დაგწყდა გული.
მთელი ცხოვრება ისედაც აბარებდი გამოცდას ყველასთან და სარკეშიც.
ახალი გამოცდაც ჩააბარე.
გაგეცინა.
იმაში გამოგცადეს,რაც ყველაზე კარგად გამოგდის...
ახლა ისევ ისეა ყველაფერი...
ზიხარ და სათვალეებიანი თვალებით ასწორებ საკონტროლო რვეულებს...
ხვალ ადრე ადგები.
სარკეში ყოვედღიურ გამოცდასაც ჩააბარებ და იმ იმედით შეაღებ სკოლის კარებს,რომ შენში ეჭვი აღარასდროს შეეპარებათ...

Комментариев нет:

Отправить комментарий