წერილი გალაკტიონს
გამარჯობა!
მთაწმინდის არა, მაგრამ მარტვილის მთვარე მდარაჯობს,როცა ამ წერილს გწერ...
ჩემი მთვარეც წყნარია.
ღამეც ისეთივე ჩუმია, როგორც შენთან
ეს მათამამებს და ამიტომაც გესაუბრები...
იცი რა მინდა?
ლურჯა ცხენებს მინდა მოვახტე და უსასრულობას შევერიო.
იქნებ მერის თვალებში ჩახედვაც შევძლო.
იქნებ დავიჯერო,რომ ჩემი ცხოვრების გზაც სიზმარია და ოცნებების იალქანიც მძიმე ფიქრთა ოკეანეში
აღარ ჩამეძირება.
მეც მინდა დავდგე ქარიშხლის პირისპირ.
გაზაფხულის მწვანე მთებიდან შევხედო სამყაროს.
მერე ცვრიან ბალახზე გავიარო ფეხშიშველმა და ქნარზე დავამღერო საქართველოს სიმღერა -"მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა"...
ზღვის ნაპირზე იმ ერთთან ერთად მივეფიცხო თიბათვის მზეს.
ვილოცო.
გრაალს შევავედრო ჩემი სიყვარული.
მერე კარალეთის ნაცვლად, ის დღები გავიხსენო,რომელიც შენსა და ჩემს საქართველოში გადამხდენია...
მეეტლე მინდა გავიცნო- ჩემი ცხოვრების მატარებელი.
უნდა გამაქანოს
სივრცეებს უნდა გავცდე.
იქ, სადაც ოცნებების ბაღია.
სადაც გედი არასოდეს მღერის ბოლოჯერ.
სადაც უსიყვარულოდ არაფერიც არაფერია.
სადაც თოვლი იისფერია და აპრილი- ლურჯი.
სადაც შანდლებში არასოდეს ქრება სანთელი.
სადაც ფიფქები ქალწულებს ჰგვანან.
მერე მართლა დავიჯერებ ,რომ ცხოვრება იმდენად მშვენიერია,უადგილოც იქნება იკითხო, რომელი სააათია...
საქართველოში ახლა ლურჯად ნახავერდებ უდაბნოს ვეღარ შეხვდები.
აღარც სიცივის თარეშია ირგვლივ.
მაგრამ...
უფალმა იცის,ვინ როდის დაიბადოს,
ასეთ საქართველოში,შენ გალაკტიონი არ იქნებოდი.
შენნაირები მხოლოდ ერთხელ მოდიან.
მოდიან და რჩებიან.
რჩებიან,როგორც სიყვარულთან წილნაყარი უკვდავება...
შენ ხარ თავად სიყვარული,მზეც და სილამაზეც.
ღმერთო, როგორი თამამი ვარ...მე შენთან საუბარი გავბედე?!..
ოთო დანელია
31.05.2015
Комментариев нет:
Отправить комментарий