ზოგჯერ უშვილო
დილა ფანჯრიდან შემოუხტა და ლოგინზე დავარდა.
რიჟრაჟისფერი დაედო ძველ ტუმბოს.
რვეულებსაც.
წუხელ გვიანობამდე ასწორებდა ორუცნობიან განტოლებებს...
დღეს ცხრაზე იქ უნდა იყოს!
ადგა.
თვალი მოავლო თითქმის ცარიელ კარადას და ის კაბა მოხვდა თვალს,რომელიც სამი წელია მისი განუყრელი მეგობარია...
სკოლის კარებთან დარაჯმა გაუღიმა.
სკოლაში ჯერ არავინ იყო.
აქაც ალიონი იპყრობდა დერეფნებს.
კლასში შესულს გაეღიმა.
ეს ოთახი და საკუთარი სახლი ერთნაირად უყვარდა.
ფეხის ხმამ სიჩუმე ფეხქვეშ გაიგდო.
-მასწავლებელო,გამარჯობა!
-მოხვედი?-ათასმეერთედ იწყებოდა ასე...
მერე ფეხების ხმებმა აჯობეს აქა-იქ შემორჩენილ მყუდროებას და... სამრეკლოსავით ახმიანდა წუთი სკოლაში.
მერხებს შორის სიარული უყვარდა.
დაფაც.
ბედნიერებისგან ბრილიანტები დაეყარა თვალებზე.
ბავშვების სუნი ტრიალებდა ოთახში.
ამიტომ უყვარდა ეს ოთახი.
ეს კაბაც ამიტომ უყვარდა,ბავშვების სუნი გადაჰქონდა კარადამდე და მერე მთელ სახლში აფრქვევდა...
არასდროს გახსენებია მარტოობას...
ოღონდ ეს იყო,ზოგჯერ,უშვილოდ გრძნობდა თავს.
საღამოობით არავინ ისმენდა მის გამოგონილ ზღაპრებს...
ახლა ღამე ცდილობდა ფანჯრების შემომტვრევას.
ტუმბოს უკუნისფერი დაედო.
რვეულებსაც.
ახლახან გაასწორა ერთკითხვიანი ამოცანები...
იწყებოდა "ზოგჯერ უშვილო" საათები...
ოთო დანელია
14.10.2016 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий