მასწავლებელი პერსონაჟების "ქვეყნიდან"
ერთ დღეს გადაწყვეტ,რომ ისე არაფერი გამოგივა,როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა.
გადაწყვეტ,მაგრამ თან შიში გიპყრობს,უბრალო საქმე კი არ არის საქართველოში ქართული ენა ასწავლო.
მერე იწყება შინაგანი "ომი" საკუთარ თავთან...ფორიაქი,ვაითუ არ გამოგივიდეს...
გადაწყვეტილება მიღებულია და შენც იწყებ!..
ჯერ გრამატიკის საფუძვლებს უნდა ჩაუღრმავდე,აუცილებელია სწორად წერა და მეტყველება.
ბიბლიოთეკასაც უნდა გადახედო,უამრავი ნაწარმოებია აღმოსაჩენი.
ერთხელაც გააცნობიერებ,რომ ქართული ენის მასწავლებელს მიეჯაჭვე,ხატად გაიხადე,გააღმერთე...
მერე სკოლა უნივერსიტეტმა შეცვალა და ჰაერივით გადაყლაპე ყველა ლექცია,ჩააბარე ყველა გამოცდა და დიპლომიც გულში პირველი შვილივით ჩაიკარი...
სკოლის კარებთან ფეხი ოდნავ აგერია,ნერვიულობამ გძლია...მერე შენ ძლიე და პირველივე გაკვეთილზე დარწმუნდი,რომ მასწავლებელი ხარ,თხემიდან ტერფამდე!..
შუშანიკს მოწიწებით შეუძღვები კლასში.ბავშვები პირველად გაიგებენ,რომ ქალმა,აბსოლუტური პატრიარქატის დროსაც,შეძლო საკუთარი პრინციპების დაცვა.
აბომ კი სხვა სარწმუნოება საკუთარს ანაცვალა და კლასიც ორად გაყო,მოღალატე უფროაო,დაამტკიცეს ყველაზე გაბედულებმა.
გრიგოლ ხანძთელს ვერაფერი უპოვნეს გასაკრიტიკებელი და აღიარეს "ზეცის კაცად და მიწის ანგელოზად"...
მერე "ვეფხისტყაოსნის" ტიტანებს გააცნობ მოსწავლეებს.
პერსონაჟების სიუხვე სასიამოვნოდ ახვევს თავბრუს ბავშვებს და შენც დიდი აღტაცებით ხსნი,რომ ალუდა კაცზე მეტია და ამიტომ მოვიძულეთ,ზუსტად ისე,როგორც იესო გავიმეტეთ ჯვარცმისთვის...ამიტომ გადავაგდეთ "იგიც" მაღალი ქარაფიდან.
ხსნი,რატომ არის ოთარაანთ ქვრივი ძლიერიც და სუსტიც ერთდროულად და მერე ჰიუგოს სიტყვებიც გახსენდება,"ქალი სუსტია,მაგრამ დედაა ძლიერი"...არადა,ოთარაანთ ქვრივს პირიქით დაემართა...
აღაზა მონუსხავს შენს მოსწავლეებს.ვერ გაიგებენ რას გრძნობს,მაგრამ არც არის საჭირო,ქალი ამოუცნობ არსებად უნდა დარჩეს.
ძიძია ბევრს შეეცოდება,ბევრს-პირიქით.
ონისეს დაიცავენ.
გუგუასაც.
ან ორივეს გაამტყუნებენ.
განდეგილიც გამოიწვევს ვნებათაღელვას.
ბათუს ჯენტლმენობა-აღფრთოვანებას.
გამზრდელსა და ხევისბერ გოჩას ერთმანეთს შეადარებენ.
თავსაფრიანი დედაკაცის გაცნობისას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ოთარაანთ ქვრივს.
ამ ყველაფრის მერე ბევრი ლიტერატურას ვასიკოზე ძლიერ შეიყვარებს...
შენ ეს უნდა შეძლო,რადგან ჯერ კიდევ ბავშვობისას გადაწყვიტე,ქართული ენა გესწავლებინა ბავშვებისთვის.
შენ ხომ მასწავლებელი ხარ,პერსონაჟების "ქვეყნიდან"...
ხო,ყველაზე მთავარი,იმ ბევრიდან ბევრმა უნდა იგრძნოს,რომ ისე არაფერი გამოუვათ,როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა...
ოთო დანელია
11.03.2019
Комментариев нет:
Отправить комментарий