"მადლობა,მასწავლებლებო!"-ამ ფრაზის მოლოდინში
რა საინტერესოა ცხოვრება?!..
მით უმეტეს,თუ მასწავლებელი ხარ!..
პირველად სამსართულიანი სკოლის დანახვამ აღრიალების კონდიციამდე მიმიყვანა.
მერე სხვა ჩემნაირებიც ვნახე და მათ თვალიერებაში გავერთე...
მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია.
არც იმაზე მიოცნებია,რომ ერთხელაც გავბედავდი ასეთ გმირობას...
მაინც გავბედე და მივხვდი,საკუთარ თავზე გამარჯვებაა,მასწავლებლობა!
არასდროს უნდა იყო ერთი,უნდა იყო იმდენი,რამდენი მოსწავლეც გყავს.
ვიღაცას მკაცრი მოსწონხარ.
ვიღაცას-მუდამ მომღიმარი.
ვიღაც აპროტესტებს,რომ შენიშვნა მიეცი.
ვიღაც სწორედ შენიშვნამ გამოასწორა.
ბევრს უხარია,როცა კარგ ხასიათზე ხარ.
ბევრი ამას სათავისოდ იყენებს.
ერთი ლექსს ვერ იზეპირებს.
მეორემ ყველა ლექსი ზეპირად იცის.
შენ კი უკვე ყველა ხარ,ყველასი გესმის...
არ გესმის?-მაშინ უნდა წახვიდე!
მასწავლებლობა ხომ საკუთარ თავზე გამარჯვებაა...
უცებ დაგირეკა ბავშვობის მეგობარმა,თანაკლასელები შევიკრიბეთ,ჯერ ქალაქგარეთ მივდივართ,შემდეგ რესტორანშიო...
შენ კიდევ ორი გაკვეთილი გაქვს ჩასატარებელი და ხვდები,რომ ჯერ მასწავლებელი ხარ და მერე სხვა დანარჩენი.
ბევრჯერ მოგიწევს საკუთარ თავზე უარის თქმა...შენ ხომ მასწავლებელი ხარ,საკუთარ თავზე გამარჯვებული...
როდესაც ამას გააცნობიერებ,ცოდნის კიბე უნდა ააგო,მოსწავლეებს მწვერვალები აქვთ დასაპყრობი...
თორმეტი წელია ამ კიბეს ვქმნი.
ძნელია,მაგრამ შესაძლებელი...
არაფერი მინდა,გარდა ერთისა,მწვერვალზე ასული მოსწავლისგან მოვისმენდეთ მხოლოდ ერთ ფრაზას-"მადლობა,მასწავლებლებო!"
და ჩვენ ვიყოთ ამ ფრაზის ღირსი...
და ეს არ იყოს მხოლოდ ერთხელ...
და ეს მოხდეს ყველა მასწავლებლის ცხოვრებაში...
ოთო დანელია
22.02.2019
Комментариев нет:
Отправить комментарий