ჰიჯაბი
სკოლის ფანჯრიდან მეჩეთი ჩანს.
მოლას ხმა ზარივით რეკს.
გოგონა გამოპარულია.
მამა უშლის,არ მინდა ნასწავლი შვილიო.
გოგონა მასწავლებელს მშიერი მზერით ნთქავს და მის ყველა სიტყვას ჰაერთან ერთად ყლაპავს.
მასწავლებელი მისი მეზობელია.
თავის დროზე არ შეეპუა მამას და ისწავლა.
გოგონას უყვარს გაბედული მასწავლებელი.
მას წაბლისფერი თმები აქვს და წითელი პომადაც ძალიან უხდება.
თან ლამაზ კაბებს იცვამს.
გოგონამ თავი დახარა.
მამა არასდროს მისცემს უფლებას,რომ ასეთი გახდეს.
გუშინ დედამაც გამოუცხადა,ხვალ ტრადიციულ სამოსს გიყიდიო.
კინაღამ დაახრჩო მოწოლილმა ცრემლმა.
არ უტირია.
მასწავლებელმა ასწავლა,ძლიერი უნდა იყოო.
არ იცის,გამოუვა თუ არა.
მამა ძლიერია.
დედას ეშინია...
ზარი დაირეკა.
მასწავლებელმა გაუღიმა და გავიდა...
გოგონამ გზა გორგალივით დაახვია.
ვიდრე სახლის ჭიშკარს შეაღებდა,მუხლები მოეკვეთა-
დედას აივანზე ახლად ნაყიდი ჰიჯაბი გამოეფინა...
ხვალიდან იწყებოდა უმასწავლებლო ამბავი...
ოთო დანელია
01.10.2017
Комментариев нет:
Отправить комментарий