пятница, 22 марта 2019 г.

ცარიელი მერხი

-ბიჭო,ხვალ ფულს მოიტან!
-არ მაქვს,საიდან მოვიტანო?!
-რას ბედავს,შეხედეთ,ამ ახვარს?!-ყველაზე მაღალმა ირონიული მზერით გადახედა დანარჩენებს.
-ეტყობა,არ იცის ჩვენი წესები,დღეს მოვიდა პირველად.-ვიღაც,თითქოს გამოესარჩლა დაფეთებულ ბიჭს.
-ხვალ დილით,ზარის დარეკვამდე,მომცემ ათ ლარს.არ მაინტერესებს,როგორ და რანაირად!

######

-მოიტანე?
-ვერა...-სილამ ყური აუწვა და კედელს აეკრა.
-მუხლებს დაგიცხრილავ,ბიჭო!
-არ გვაქვს ფული.მამაჩემი აღარ მუშაობს.დედა ცუდად არის.-ცრემლს და ბრაზს ერთად ყლაპავდა ბიჭი.
მაღალმა თვალები დაქაჩა და ყელში წვდა ბიჭს.
-აღარ გაბედო ამის გამეორება,ფული მჭირდება!

######

-არ მოთრეულა ჯერ?
-არა,ეტყობა ჩაისვარა და აღარ მოვა.
-დღეს სეირს გაყურებინებთ,ჰაერში უნდა ვაბურთავო.-მუშტი მუხლზე დაირტყა მაღალმა.
ბიჭებმა გადაიხარხარეს.

######

-სად იყავი აქამდე?!
-ფული მოგიტანე.
-რამდენი?
-არ ვიცი.-ბიჭმა აცახცახებული ხელით ძლივს იპოვნა შარვლის ჯიბე და ფული გაუწოდა მაღალს.
-დღეისთვის საკმარისია.ხვალ ისევ დამჭირდები!
ბიჭმა თავი დახარა და გაირინდა.

######

-სკოლის წინ ჯიხური გაუტეხავთ.
-წაუღიათ რამე?
-თორმეტი ლარიო...
-ვინ იზამდა ახლა ამას?
-რა ვიცი...

######

-გუშინ ფული მომიტანა იმ ხეპრემ.
-გადარჩენილა ფეხქვეშ გაგდებას.
-დღესაც უნდა შევხვდე,სიგარეტის ფული არ მაქვს...
ზარი დაირეკა.
მასწავლებლს,როგორც კი კარი შემოაღო,ტელეფონმა დაურეკა.
-დიახ...რა?!..ეს რა მითხარი?!
ბავშვები ფერწასულ მასწავლებელს მიაჩერდნენ.
-რა მოხდა,მას?-ფეხზე წამოდგა მაღალი.
-ჩვენს ახალ მოსწავლეს თავი მოუკლავს.
მაღალი დაჯდა და უსინდისო მზერა ესროლა ცარიელ მერხს.

ოთო დანელია
13.11.2018

Комментариев нет:

Отправить комментарий