ეთერი მასწავლებელი
ჩვენი სახლის წინ ცხოვრობდა.
ძალიან პატარა ვიყავი,როცა დამიძახა და ცხელი,თუხთუხა ხაჭაპური მაჭამა.
ახლაც მახსოვს ის დღე...
პირველ კლასში მთელი ოჯახით შევდიოდი.
გზაზე შეგვხვდა.
აბა შენ იციო,გამიღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა.
ის დღეც მახსოვს.
ოთხი წელი მხოლოდ ჩემი მეზობელი იყო,წინა მეზობელი,რომელსაც კეთილი,არა უფრო კეთილი სახე ჰქონდა...
მეხუთე კლასში გადასულებს ოთახიც ახალი დაგვახვედრეს და მასწავლებელიც მალე გაგეცნობათო,გვითხრეს.
გაოცებისგან პირი დავაღე,ჩემი კეთილი წინა მეზობელი შემოვიდა და პირველად მე გამიღიმა.
ასე იფიქრა ყველამ.
მე თქვენი დამრიგებელიც ვარ და ისტორიაც უნდა შეგაყვაროთო.
მე უკვე მიყვარდა.
######
მეორე დღეს ყველაზე კარგად ისტორია ვისწავლე.
შემაქო.
ქვეყანა ჩემი მეგონა.
ჩვევად მექცა,მეცადინეობისას ხმამაღლა მეკითხა.
მინდოდა გაეგო.
მისი სახლისკენ გავაპარებდი თვალს,იქნებ მიყურებდეს-მეთქი...
ერთხელ დედამ სევდიანი ხმით მითხრა,ეთერი მასწავლებელი თბილისში წასულა სისხლის გათეთრება აქვსო.
არ ვიცოდი ეს რა იყო,მაგრამ მივხვდი,რაღაც რიგზე არ იყო.
მალე დაბრუნდა.
ისევ ისე იცინოდა კეთილად,არა უფრო კეთილად.
ვიფიქრე,ეს სისხლის გათეთრება ცუდი არაფერი ყოფილა-მეთქი...
ყველაფერი ძველებურად იყო.
ყოველდღე გვაოცებდა ეთერი მასწავლებელი თავისი ანგელოზური ბუნებით.
არასდროს უყვირია.
არასდროს უჩხუბია.
არასდროს დასჭირვებია.
მიჩერებულები ვიყავით და ყველა ფრაზას ჰაერთან ერთად ვსუნთქავდით...
######
მეთერთმეტე კლასში ვიყავით,როცა ძალიან ცუდად გახდა.
მაინც იღიმოდა.
მაინც დადიოდა.
მაინც ჩვენთან იყო...
ბოლო ზარზე ვერ მოვიდა.
საავადმყოფოში იწვა.
როცა სოფელში ჩამოიყვანეს,ლოგინად იყო ჩავარდნილი.
ვინახულე.
გამიღიმა.
გამოსათხოვარი სიტყვით უნდა გამაცილოო,მითხრა.
შევუსრულე...
მე ყველაზე მაგარი ეთერი მასწავლებელი მყავდა!..
ოთო დანელია
31.03.2018
Комментариев нет:
Отправить комментарий